ახალი ამბები
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნესფორმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა, საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. "დარწმუნებული ვარ, ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა შტაინმაიერმა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნესფორმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს, როგორც ბიზნესებს შორის კონტაქტების გამყარებას, ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. შტაინმაიერმა პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ აღიარებს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური შინაარსის ე.წ დოკუმენტი ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც მზადდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური დახმარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმებზე.
Print