ახალი ამბები
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულ ოთხ ქართველ მებრძოლს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ვასიკო და ნუკრი წიკლაურებს, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15.00 საათზე დაკრძალავენ, სამების ტაძარში პანაშვიდი კი, 12.00 საათზე დაიწყება. ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
Print