ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე და თეიმურაზ მღებრიშვილი შს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ
შს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური, მოადგილეებად კი სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომლის განმარტებითაც, ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მდივნის მოადგილედ გადადის. "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ გააძლიეროს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ”საჭირო იყო ამ საბჭოს გარკვეული რეფორმირება. ამ მიზნით ჩვენ დავნიშნეთ ახალ ხელმძღვანელად დავით სუჯაშვილი, მოადგილე, როგორც გითხარით, იქნება ზედელაშვილი. როგორც მე გუშინ ვაცნობე საზოგადოებას, ვიწყებ შსს-ს რეფორმირებას, მის გარდაქმნას, უწყებიდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ინსტიტუტების განვითარებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება”, - აღნიშნა პრემიერმა.
Print