ახალი ამბები
კომპანია "არემჯიმ" საყდრისში სამუშაოები განაახლა
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია "არემჯის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია "არემჯიმ" განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა. საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიის და სამართლებრივი დავის პროცესში კომპანიის პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ ვერთვებოდით სამეცნიერო დისკუსიაში. ობიექტის ისტორიული მნიშვნელობის და სტატუსის გარკვევა მიგვაჩნდა მეცნიერებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივად, ხოლო სალიცენზიო უბანზე საქმიანობის წარმოების საკითხში სრულად ვექვემდებარებოდით სასამართლოს და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს. იმის გამო, რომ 2006 წელს სათანადო მეცნიერული არგუმენტაციისა და კანონით გათვალიწინებული პროცედურების დაცვის გარეშე, საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,"არემჯიმ" ვერ შეძლო მოპოვებითი საქმიანობის წარმოება კუთვნილ სალიცენზიო უბანზე, რის შედეგადაც კომპანია იძულებული იყო ემუშავა მინიმალური დატვირთვით. ამის გამო ცენტრალურმა და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი, დაეცა ექსპორტის მოცულობა, შეიზღუდა კომპანიაში დასაქმებული პერსონალის და ზოგადად კაზრეთის მოსახლეობის შრომის პირობების და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. საქმიანობის მოცულობის შემცირების პირობებში, იმისათვის, რომ წარმოება არ აღმოჩენილიყო ზარალიანი, კომპანიისთვის აუცილებელი იყო ამჟამად დასაქმებული პერსონალის 55%-ით შემცირება. თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო უმძიმესი ფინანსური ტვირთი და პრაქტიკულად სრულად შეინარჩუნა სამუშაო ადგილები, რითაც კაზრეთის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე მთლიანად სახელმწიფოს აარიდა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები და სოციალური აფეთქების საშიშროება.
Print