ახალი ამბები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება გარკვეულ კატეგორიას 60 დღის განმავლობაში შეეძლება
მათ, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ჩააბარა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 30-ის ნაცვლად 60 კალენდარული დღე ექნებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე განხორციელდა, ვინაიდან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში. "პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის მსურველებს დღეების რაოდენობის გაზრდის მოუხედავად, უფლება აქვთ ისარგებლონ არაუმეტეს 5 გასვლით. აღნიშნულში არ ჩაითვლება პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების (ფასიანი გასვლის) შემთხვევები. გამოცდაზე უფასოდ გასვლის უფლების ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეს ფასიანი გასვლის უფლებით სარგებლობა აღარ შეეძლება", - აცხადებენ სააგენტოში. მათი ცნობითვე, შეღავათები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 15 დეკემბრამდე უკვე ისარგებლეს გამოცდაზე 5 უფასო გასვლის უფლებით.
Print