ახალი ამბები
არჩილ კბილაშვილი - პროკურატურას რეფორმა სჭირდება
არჩილ კბილაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანი" პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას 23 დეკემბერს "თბილისის მერიოტში" გამართავს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა. არჩილ კბილაშვილის თქმით, პროკურატურას რეფორმა სჭირდება, რათა თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს. "არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მე დავაფუძნე პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობს და უკვე დაასრულა მუშაობა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე. 23 დეკემბერს "თბილისი მერიოტში" ჩვენ ვაწყობთ რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას. საუბარი გვექნება იმ სისტემურ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზე, რომელიც ამ სისტემას გააჩნია. ჩვენ რა პროკურატურაც გვაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში არ შექმნილა და მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რეფორმის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი იმგვარად შეცვლა მოხდეს, რომ თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. რაც შეეხება პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხზე დასმულ შეკითხვას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ამაზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხს კონცეფციის პრეზენტაციაზე გასცემს.
Print