ახალი ამბები
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრობის კიდევ ორი კანდიდატურა წარუდგინა
ამ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა ნინო თათრულაიძე და დიმიტრი ჯავახაძე დაასახელა. მანამდე საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა ჩააგდო. კენჭისყრა 28 ნოემბერს გაიმართა და ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. იმავე კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატურები პარლამენტს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის დაცვით წარედგინა.უმრავლესობას მიაჩნია, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს. „პარლამენტი არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სანოტარო ბიურო, რომელიც ყველაფერს იღებს უკრიტიკოდ. ბუნებრივია, ნებისმიერი კანდიდატის მიმართ, რომელიც იქნება წარმოდგენილი, დეპუტატებს ექნებათ კითხვები, ზოგი დამტკიცდება, იქნება შემთხვევები, რომელსაც პარლამენტი არ მიიღებს. პარლამენტს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგელობა, ამიტომ წინასწარი კონსულტაციები იქნებოდა კარგი,” - განაცხადა ეკა ბესელიამ. ამ აზრს იზიარებენ უმრავლესობის სხვა წევრებიც. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ წარდგენილ კანდიდატებს დეპუტატები არ იცნობდნენ, ამიტომ საჭირო იყო წინასწარ გარკვეული სამუშაოების წარმოება და კონსულტაციები პარლამენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
Print