ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის დროს ჯერ ვერ აკონკრეტებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კომუნიკაციის არხს ინარჩუნებენ და საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკების მხარეები ერთმანეთს დაუკავშირდებიან. "ყოველდღე ისედაც არ ვხვდებოდით ერთმანეთს, 2-3 თვის განმავლობაში იმართებოდა ასეთი შეხვედრები. ბოლო შეხვედრა ოქტომბერში გვქონდა. ჩაივლის ახალი წლები, სხვანაირად შეხვედავთ სიტუაციას და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა აბაშიძემ. ამასთან, ზურაბ აბაშიძე არ აკონკრეტებს, რა გახდა დიალოგის შეფერხების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს რაიმე კონკრეტულ პრობლემური საკითხის წამოჭრას. "პრობლემები სულ გვაქვს და ამიტომაც არის ეს კომუნიკაციის არხი შექმნილი, რომ მწვავე საკითხები განვიხილოთ, პრობლემები მოვაგვაროთ. ძალიან რთული საკითხებია დარჩენილი, მათ შორის, ჰუმანიტარული თემები. ასე რომ, აუცილებელია, ეს კონტაქტი გვქონდეს. რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და რაღაც სახით ხომ უნდა იყოს ასეთი კავშირი?! ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელსაც რაიმე ფორმით რუსეთთან კომუნიკაცია არ აქვს. კომუნიკაცია არ ნიშნავს მაინცდამაინც პოზიტიურს, დადებითს. უფრო მეტი რთული საკითხების განხილვა გიწევს ხოლმე. შეიძლება ფორსმაჟორული მდგომარეობა შეიქმნას და სასწრაფოდ დაგჭირდეს დაკავშირება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Print