ახალი ამბები
სარკინიგზო და საავტომობილო გზა რუსეთ-საქართველოს შორის ჩეჩნეთზე გაივლის
განცხადება ამის შესახებ რამზან კადიროვმა გროზნოში, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჩეჩნეთის ლიდერის იდეის განხორციელებას მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლიდა ხელს. ამის შესახებ თავად კადიროვი საუბრობს და ამბობს, რომ „ჩვენ სარკინიგზო გზის აშენებასაც კი ვაპირებთ. ამ საკითხზე ვმუშაობთ რუსეთის ხელისუფლებასთან. სააკაშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა, ნამსხვრევები კი კიდევ რჩებიან საქართველოში. ურთიერთობა ჯერ ვერ მოვაგვარეთ, ამიტომ ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრობლემურია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ხალხი ჩვენთან კეთილ და ძმურ ურთიერთობას დაამყარებს და მაშინ დაიწყება გზების მშენებლობა, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა." აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც ჩრდილო კავკასიის კიდევ ერთი რეგიონიდან - დაღესტნიდან, საქართველოს მიმართულებით ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
Print