ახალი ამბები
პროკურორი:"გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩიხში არ შესულა"
საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმის მსვლელობაზე საუბრისას,"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა,რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს. "გამოძიება ჩიხში არ შესულა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება.ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან,ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ბადაშვილმა. "გამოძიება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს,რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი,რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
Print