ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა, ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაკრძალავენ თამაზ სუხიაშვილს. ახლობლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 იანვარს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ნათესავებს არ სურთ, რომ გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალონ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თამაზ სუხიაშვილი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.
Print