ახალი ამბები
ზუგდიდი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება
25 ნოემბერს გოგონათა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად ზუგდიდიც შეუერთდება. აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში 14:00 საათზე დაიწყება. დღის ბოლოს, 20:00 საათზე თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან პერფორმანსი იგეგმება. აქცია "ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით ტარდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა დედა ხდება. სტატისტიკის მიხედვით, 2011-დან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა. "ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა," - ასეთია აქციების სლოგანი. "ქალთა მოძრაობა" სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.
Print