ახალი ამბები
ზუგდიდში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მოსწავლეების მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიზეზად აკადემიის შესაძლო დახურვა იქცა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.
მშობლების განმარტებით, თბილისიდან ჩამოსულმა ფედერაციის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ზუგდიდში აკადემია დახურულია და ის მხოლოდ თბილისში იფუნქციონირებს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ უეფას მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც ზუგდიდისა და თბილისის ბავშვთა აკადემიებს ხმარდებოდა, მხოლოდ დედაქალაქის აკადემისკენ მიიმართება.

„ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, რომ ირჩეოდა თქვა, რომ ბავშვთა ფეხბურთის განავითარებას მიხედავდა. ახლა კიდევ ხედავთ რა ხდება... ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აქ ეს აკადემია დაიხუროს. სად წავიყვანოო ბავშვი, აწი რომელი სკოლა მიგვიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა თამუნა ქავთარაძემ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ აკადემია წლის ბოლომდე იარსებებს, ხოლო საბოლოო პასუხს დასმულ კითხვებზე ფედერაციის შესაბამისი სამსახურები გასცემენ.

„აკადემია აგრძელებს ფუნქციონირებას. თუ რა იქნება მომავალში ახალი წლის შემდეგ გადაწყდება“, - განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა გიორგი რევაზიშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციამ ზუგდიდში სამი თვის წინ, უეფას პროექტის ფარგლებში, ბავშვთა აკადემია დაარსა. აქ დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ირიცხებიან.

Print