ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ თაგილონის გამშვები პუნქტი გააუქმა
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ თაგილონის გამშვები პუნქტის დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ ისაუბრა.
მან სააგენტო "აიაირა" - ს განუცხადა, რომ "ერთ ადგილზე კონტროლი გაცილებით უფრო ადვილი და ეფექტურია, ვიდრე მთელს საზღვარზე გაფენილი გამშვები პუნქტებისა".

მისი განმარტებით, ამ დროისათვის შეკეთებული ხიაცხა-ბჩარას გზით, რომელიც სოფელ თაგილონზე გადის, ინგირის ცენტრალურ გამშვებ პუნქტამდე მიღწევა ავტოტრანსპორტით 12 წუთშია შესაძლებელი, მაშინ როდესაც, მანამდე ამ მანძილის დაფარვას ერთი საათი სჭირდებოდა.

თემურ ნადარაიას თქმით, ამჟამად გალის რაიონის დაბალი და მაღალი ზონების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ის 5 სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან.

შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან მდებარე გამშვები პუნქტი 15 აპრილიდან გაუქმდა. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ენგურზე საბაჟო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შეცირების შესახებ გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო.

Print