ახალი ამბები
ფერმერთა რიგით მეორე კონგრესს სამეგრელოს რეგიონიდანაც ესწრებიან
”ექსპო-ჯორჯიაში” საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი მიმდინარეობს. სადაც ქვეყნის 9 რეგიონიდან ფერმერები,სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს ხვდებიან და აგროსფეროს გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ.

სამეგრელოს რეგიონიდან შეხვედრას ბიო მეწარმე ჯამბულ ეხვაია, მცირე მეწარმე მაია შენგელია და სხვები ესწრებიან.

კონგრესში მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა განუცხადა, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ღონისძიება, რომელიც შეეხება ძირითადად სურსათის უვნებლობის რეფორმას, ფერმერთა წვდომას ბაზრის და ფინანსურ რესურსებზე.

„ჩვენ გვაინტერესებს ფერმერების მოსაზრებები, მათი განვითარების სიმაღლეები და პირველ რიგში ის, თუ რა სჭირდებათ მთავრობისგან“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

პროექტს ახორციელებენ „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში და აღსრულებაში.
Print