ახალი ამბები
ქართველი ოფიცერი ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალმა კლაივ ჯონსტონმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელი, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი პაპუნა დავითაია ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია "აქტიურ ძალისხმევაში" მონაწილეობისათვის მედლით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, ჰიბლარტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა.

ქართველი მეკავშირე-ოფიცერი ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში 2014 წლიდან მსახურობს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბმა 2010 წლის 28 აპრილს მოაწერეს ხელი.

ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან მეკავშირე-ოფიცრის განთავსება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული.

Print