ახალი ამბები
ჯონ კერი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, ყველა იმ საკითხზე აპირებდა საუბარს, რომელიც ქვეყნისთვის აქტუალურია.

"ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

თავის მხრივ, კერის საქართველოში ვიზიტს ”მნიშვნელოვანი” უწოდა ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემაც.

”ყველა თემას შევეხებით, რომელიც დაკავშირებულია შიდაპოლიტიკურ რეფორმებსა და ვითარებასთან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებთან”, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდება.


Print