ახალი ამბები
წალენჯიხაში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება
წალენჯიხაში კულტურის სახლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მთლიანად იცვლება შიდა და გარე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდება განათების, კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, წალენჯიხის გამგებელმა ბესო ფარცვანიამ და მისმა მოადგილე გიორგი ლუკავამ დაათვალიერეს.

"ეს არის ყოფილი კინოთეატრის შენობა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. წალენჯიხას ამ შენობის სახით ახალი და ძალიან ლამაზი შენობა შეემატება. რაც მთავარია სამუშაოებზე 20-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული", - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა შენობის დათვალიერების შემდეგ.

სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 680 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

Print