ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
ორი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. ცირგაიას დედა შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას საგვარეულო სასაფლაოზე მანამდე არ დაკრძალავს, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან. გარდაცვლილის ოჯახმა, რომელიც ჩხოროწყუს რაიონში ცხოვრობს, ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაასაფლავა.

"მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ჩემი შოთიკო ზუგდიდის საავადმყოფოში მომიკლეს. საჭირო, რომ გახდეს ათჯერ გავაკეთებინებ ექსპერტიზას და სიმართლეს მაინც დავადგენ", - თქვა გარდაცვლილის დედამ ირინა წურწუმიამ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.

ზუგდიდის საავადმყოფოს მენეჯერი ნიკა ჭეჟია ამბობს, რომ შოთიკო ცირგაია ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, შემთხვევა სამეცნიერო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს.


Print