ახალი ამბები
"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად სამეგრელოდან 500-მდე ადამიანი გაემგზავრა
ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერ აქციაზე სამეგრელოდან 500-მდე ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის, 300 - ზუგდიდიდან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ უთხრა.

"მივდივართ, რათა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება... მივდივართ იმისთვის, რომ საქართველო დავიცვათ ბიძინა ივანიშვილისგან", - თქვა წითლიძემ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, 19 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს. პროტესტის ნიშნად, 18 თებერვლიდან "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა, ტელეკომპანია "მარაო" და ,,კომედიარხი" და "რუსთავი 2"-ის ვებგვერდი გათიშულია. აქცია დღეს, 14:30 საათზე გაიმართება.

Print