ახალი ამბები
ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტეს
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაკეტეს. დღეიდან გადასვლა მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით იქნება შესაძლებელი.

დევნილების ინფორმაციით, ე.წ. გადასასვლელთან გუშინ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი იმყოფებოდნენ.

"გუშინ გადმოვედი...გზაზე ესკორტმა ჩაგვიარა, მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. "საზღვარზე" მათ მისვლას არავინ ელოდა, ალბათ არ სურდათ ხალხს წინასწარ სცოდნოდა მათი მისვლის შესახებ. ვფიქრობ ადგილობრივებისთვის თავის არიდება უნდოდათ, რათა ვითარება არ დაძაბულიყო", - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ცნობისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სამეგრელო - აფხაზეთის საზღვარზე ნაბაკევის და ოტობაიას საკონტროლო - გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო.

Print