ახალი ამბები
სოხუმი: გალის მცხოვრებელების სამართლებრივი სტატუსი გაირკვა
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბინადრობის უფლების მიმნიჭებელი ბლანკები დაამტკიცეს. შესაბამისი დადგენილების პროექტი „მინისტრთა კაბინეტის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა ცაავამ წარადგინა. მისი განმარტებით, დოკუმენტი გაიცემა „უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რაც მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების, აგრეთვე ქვეყანაში შემოსვლა - გასვლის უფლებას მისცემს. 

დადგენილების ერთ - ერთი პუნქტის თანახმად, სოხუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს გეგმავს, რათა აღნიშნული დოკუმენტის მფლობელებს „აფხაზურ - რუსული“ საზღვრის გადაკვეთის საშუალება მიეცეთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასლან კობახიამ აღნიშნა, რომ ბინადრობის უფლება, იგივეა, რაც „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი!" მისი თქმით, "მისი გაცემის წესი უცვლელია... ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთში მოგვარდება სიტუაცია სტატუსების გამიჯვნასთან დაკავშირებით: აფხაზეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი! რამდენიმე თვეში ქვეყანაში უპასპორტო ადამიანები არ იქნებიან! გალის რაიონის მცხოვრებთათვის ამ დოკუმენტების გაცემით, ჩვენ საშუალებას მივცემთ ადამიანებს დამშვიდდნენ და გავარკვევთ მათ სამართლებრივ სტატუსს“.

Print