ახალი ამბები
გიორგი თოდუა მის შესაძლო გადაყენებაზე: ეტყობა, ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ხვალ, 26 აპრილს, თავმჯდომარის მოადგილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის გიორგი თოდუას გადაყენების საკითხზე იმსჯელებს. საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხსენებელი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნატალია შეროზია იქნება. ამავე ცნობით, საკითხი დღის წესრიგში დეპუტატების მიერ დღეს საკრებულოში შეტანილი განცხადების შემდეგ დადგა.

რადიო „ათინათი“ დეტალების გასარკვევად საკრებულოს თავმჯდომარეს ნატალია შეროზიას დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თავის მხრივ, გიორგი თოდუა დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს.

"ვარ დამოუკიდებელი ფრაქციის წარმომადგენელი და ჩემს მოსაზრებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. ვცდილობდით, საკრებულო არ გამხდარიყო ნოტარიუსი და მას შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია... შეიძლება, ამის გამო ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები... რაღაც კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ" ,- თქვა გიორგო თოდუამ.

ცნობისთვის, ქალაქის საკრებულოში სულ 14 დეპუტატია. აქედან, 6 "ქართულ ოცნების" წევრია, 3 - ოპოზიციური პარტიების, ხოლო დანარჩენები - დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

Print