ახალი ამბები
აფხაზეთში გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
აფხაზმა სამართლდამცავებმა 1983 წელს დაბადებული როლანდ ჟიბა დააკავეს. მას 1990 წელს დაბადებული ბესლან კვიცინიას მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული, რომელიც ამ დრომდე იძებნებოდა, შესაძლოა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა თავს, წერს ინტერნეტ გამოცემა „აფსნი ლაიფი“, სამართალდამცავების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სოხუმში მცხოვრები ბესლან კვიცინია, მიმდინარე წლის პირველ იანვარს გაუჩინარდა. იმავე საღამოს მისი ცხედარი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ღვადას მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს.

3 და 4 იანვარს სოფელ ღვადაში როლანდ ჟიბას და მისი ნათესავების კუთვნილის სამი სახლი დაწვეს. საღამოს, 6 იანვარს სოხუმის სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ბესლან კვიცინიაა დასაფლავებული, განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ღვადას მკვიდრი რომან ჟიბა.

დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, როლანდ ჟიბას დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის "რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა". ამ დროისათვის, ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორშია გადაყვანილი. 

Print