ახალი ამბები
„ბირჟა მაფიის“ წევრები შესაძლოა გაათავისუფლონ
თბილისის პროკურატურამ მუსიკალურ ჯგუფ "ბირჟა მაფიას"  წევრების: გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო. უწყებამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, შეიძლება, ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.

”ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას”-ნათქვამია განცხადებაში.




ბრალდებულებმა, რომლებიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებიან, პროკურორებს მათი დაკავების დროს მომხდარი ფაქტები გააცნეს. მათი მტკიცებით, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა და აღიარებით ჩვენებაზეც ხელი ძალდატანებით მოაწერინა. გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ცნობისთვის, ,ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 3 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. თავის მხრივ, მუსიკოსები აცხადებენ, რომ მათი დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. რეპერების მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდშიც ჩატარდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში აქცია - „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ გაიმართა (ვიდეო)

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს რეპერების დაკავების მოტივები

Print