ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ დადგენილებას მერაბ ქვარაიამ მხარი დაუჭირა (ფოტო)
საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ საქართველოს მთავრობის წინადადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილა და შესაბამისი დადგენილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.


საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატებიდან მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი 85-მა დაუჭირა, პარლამენტის 10 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა.




ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ხმა მისცა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. მან პლენარულ სხდომაზე საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.




„პირადად მე გარკვეული მიზეზების გამო, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებები, ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც მიაჩნდა და მიაჩნია, რომ შეიძლებოდა არსებული მოდელის გაუმჯობესება, დახვეწა, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ შემოთავაზებულ წინადადებაში. ევროპაში, განვითარებული თვითმმართველობის ქვეყნებში ორივე მოდელია ცნობილი, როგორც ერთ, ასევე მეორე მოდელს აქვს თავისი განვითარების ობიექტური საფუძვლები... მართალია, ჩემი ხედვა მუნიციპალიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ აბსოლუტურად ვემხრობი და ვეთანხმები იმ ძირითად ნაწილს რეფორმებისა, რომელსაც გვთავაზობს სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა იქნება ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა”, - განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვარაიამ.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ დადგენილების წინააღმდეგ საკუთარი ხმა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ლელა ქებურიამ და ლაშა დამენიამ დააფიქსირეს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდა ამავე პარტიის წევრი თენგიზ გუნავა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია.

მიღებული დადგენილების თანახმად, 14 მუნიციპალიტეტი გაუქმების შედეგად 7 ახალი: ზუგდიდის, ახალციხის, თელავის, გორის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტი შეიქმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი კი ქალაქი ზუგდიდი იქნება.



დადგენილება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის დღეს ამოქმედდება.

რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, ის ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ წევრებს შორის, ვისი ინიციატივაც იყო, რომ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ქონოდა. ის აქტიურად იყო ჩართული პროცესებში, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის კანონის მიღებით დასრულდა. სამი წლის წინ პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“ რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზარდა და მოხდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

ინიციატივა მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადებითი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორი. 130 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს თვითმმართველობის განვითარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.




ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მთავრობის წინადადება ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ხმათა უმრავლესობით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე, მოიწონეს.


რადიო „ათინათის'' სარედაქციო შენიშვნა

მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ „მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ კანონპროექტისთვის ზუგდიდელ დეპუტატებს ხმა არ მიუციათ, რაც იყო შეცდომა. უნდა ეწეროს: მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ დადგენილებას მერაბ ქვარაიამ მხარი დაუჭირა.

რადიო „ათინათი“ ბოდიშს გიხდით მასალაში დაშვებული შეცდომის გამო.



Print