ახალი ამბები
მერიის პრესსამსახური საიას განცხადებას პასუხობს
საიას ზუგდიდის ოფისი საინფორმაციო პორტალ fortuna.ge-ზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, რომელიც მერიის პრესსამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის ინტერვიუზე დაყრდნობით მომზადდა.

მასალაში წერია, რომ ბაღში შესვლა დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება უფასო, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ. გარდა ამისა, ფასები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განსხვავებული იქნება.

„საიას ზუგდიდის ოფისი, გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, ტარიფების დადგენის დროს, არ დაუშვან განსხვავებული მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის. მსგავსი შინაარსის მქონე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით... ამგვარი მიდგომა თავის მხრივ, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ ვარჯიში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, მაია ღუბელაძე რადიო „ათინათთან“ აცხადებს, რომ მას მსგავსი სახის ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებია.

მისივე თქმით, თემის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა იქნება ფასიანი.

„ასევე, ვთქვი, რომ მერის სურვილია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დილის საათებში ბაღში შესვლა იყოს უფასო, რადგან ზუგდიდელები, წლებია, აქ ვარჯიშობენ. რაც შეეხება, ფასების დიფერენციაციას მტკიცებით ფორმაში საუბარი არ ყოფილა, რადგანაც ეს ადმინისტრაციის პრეროგატივაა და არა მერიის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ღუბელაძემ.

საინფორმაციო პორტალ „ფორტუნაში“ არ გამორიცხავენ, რომ მასალაში მათი მხრიდან მცირე უზუსტობა იყოს დაშვებული.

ამავე თემაზე:

ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს (ვიდეო)

Print