ახალი ამბები
მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომის შესახებ მედია არ დააუწყა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ჩანიშნული სხდომის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მერი შენგელაიას თქმით, ის შვებულებაში იმყოფება.

აპარატის ხელმძღვანელი ნატა პაპასკირი კი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომა გუშინ საღამოს ჩაინიშნა.

„დღეს 13:00 საათზე იყო დანიშნული სდომა, მანამდე კომისიის სხდომა იყო. საკრებულოს პრესსამსახურის თანამშრომლების ნაწილი შვებულებაშია. ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიღებ იმ პასუხიმგებლობას, რომ დღეს მედიამ სხდომის შესახებ არ იცოდა, - უთხრა რადიო „ათინათს“ პაპასკირმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი.

სხდომაზე რამდენიმე, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების გადაცემისა და ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით გაიზრდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, სოფლად გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების გადაცემას, მისივე ცნობით, მუსიკალური სკოლის შენობაში არსებული გაურემონტებელი ოთახი სარგებლობის უფლებით „კავკასიის გარემოსდაცვით ორგანიზაციას“ ორი წლის ვადით გადაეცა.



Print