ახალი ამბები
დიმიტრი გვარამია: გალის რაიონის 11 სკოლა თანდათან რუსულენოვან სწავლებაზე გადაგვყავს
ახალ სასწავლო წელს აფხაზეთის სკოლებში 2 938 პირვეკლასელი ისწავლის. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვარამიამ განაცხადა. მისი ვარაუდით, 10 სექტემბრამდე ეს რიცხვი უფრო გაიზრდება.

ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში 156 სკოლა იფუნქციონირებს, მათგან 59 - აფხაზური, 46 - რუსული, 15 - აფხაზურ - რუსული, 25 - სომხური, 11 - ქართული. სასწავლო დაწესებულებებში 27 ათასი მოსწავლე და 3 800 - მდე მასწავლებელია.

,,წესით, განათლების ხარისხი ჩვენთან მაღალი უნდა იყოს. თუმცა, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სოფლის სკოლებში მასწავლებლების ცოდნის დონე არასახარბიელოა'' - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.

გვარამიამ გალის რაიონის სკოლებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები ჟურნალისტებისთვის: „გალის რაიონის დაბალ ზონაში არსებული 11 სკოლა ჩვენ თანდათან რუსულენოვან სწავლებაზე გადაგვყავს. ამ ზაფხულს, აღნიშნული სკოლის პედაგოგებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რუსული ენის კურსები გაიარეს. მოსწავლეებს უჭირთ სწავლების ერთი ენიდან მეორეზე გადასვლა, თუმცა, გარკვეული ოპტიმისტური შედეგები უკვე გვაქვს. ასე მაგალითად, თუ ადრე უფროსკლასელების 90% საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა გამოცდებს, წელს ბევრმა მათგანმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სამმა მოსწავლემ რუსული კვოტებით, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა“.

დიმიტრი გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება პარლამენტში განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა. სოხუმმა სასწავლო წლის დაწყება ორშაბათამდე გადადო, რადგან ყურბან - ბაირამის დღესასწაულის გამო 1 სექტემბერი უქმე დღედ გამოცხადდა.


Print