ახალი ამბები
მინისტრი ფაროსანაზე: ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიშია არა არის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, მინისტრმა ის ღონისძიებები და მდგომარეობა განმარტა, რომელიც რეგიონებში მავნებლის გამო არის შექმნილი.

“როგორც იცით, საქართველოში დაფიქსირდა ახალი მავნებელი, აზიური ფაროსანა, რომელთან ბრძოლის ღონისძიებებიც სახელმწიფომ დაგეგმა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად 2016 წლის ბოლო კვარტალში. 2017 წლის მარტში მივიღეთ მთავრობის განკარგულება, რომელიც მავნებელთან ბრძოლას უკავშირდებოდა. მინდა ინფორმაცია მივაწოდო რეგიონებს, რომლებშიც ეს მავნებელი არის გავრცელებული - სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას. ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის. ის არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და ადამიანს არ ერჩის. რაც შეეხება მოსახლეობის მობილიზებას, გვესმის მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობა და გათვალისწინებულია იმ პესტიციდების მიწოდება, რომელიც ეფექტურია მავნებელთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს გამოწვევა მარტივი არ არის და პრობლემა რთულია ყველა ქვეყნისთვის, რომელშიც ის ფიქსირდება.


Print