ახალი ამბები
ფაროსანასთან ბრძოლაში ხვალიდან შესაძლოა ავიაცია ჩაერთოს
სოფლის მუერნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია, შესაძლოა, ხვალიდან ჩაერთოს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქიმიური პესტიციდებით უნდა მოხდეს, ავიაციის გამოყენების არეალი შეზღუდულია და მისი გამოყენება მოსახლეობისაგან მოცილებულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი.

„ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. ვიდრე ეს მავნებელი ძილს მიეცემა, ერთი მხრივ, სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული გარკვეულ საველე სამუშაოებში, თუმცა მეორე მხრივ, მოსახლეობამ მექანიკური თუ შეწამვლითი სამუშაოები უნდა განახორციელოს და განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებში, რათა ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ მავნებლის შემცირება. როგორც იცით, ჩვენ დაახლოებით 80 000 ჰექტარი გვაქვს დამუშავებული. აქ გამოყენებულია ყველა ის სახმელეთო ტექნიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ის,რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, არამედ ყველა ის ტექნიკა, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა, არის მობილიზებული. ამავე დროს, ჩვენ გეგმაში გვაქვს ავიაციის გამოყენება. ამ ღონისძიების მთელი არსი არის ის, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ მავნებელს მივყებით კვალდაკვალ. როგორც იცით, ის თხილის კულტურით დაიწყო, მერე გადადის სხვადასხვა კულტურაში იმის მიხედვით, თუ რა კულტურა შემოდის სიმწიფეში და რა არის მისთის მიმზიდველი - ფაროსანას გავრცელების გეოგრაფია სეზონის განმავლობაში მონაცვლეობს. ავიაციას ყოველთვის განვიხილავთ და განვიხილავდით, თუმცა ავიაციის გამოყენების არეალი არის საკამოდ შეზღუდული იმიტომ, რომ ჩვენ ამ მავნებელთან ბრძოლისთვის გვიწევს ქიმიური პესტიციდის გამოყენება. იმიტომ, რომ წლის დასაწყისში დატესტილი იყო და ექსპერტებთან ერთად შევაფასეთ, რომ არ მუშაობდა ბიოლოგიური პრეპარატები. ქიმიური პესტიციდის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ გამოყენებული იქნას მოსახლეობასთან ახლოს ან მჭიდროდ დასახლებულ არეებთან. შესაბამისად, ჩვენ ავიაციის გამოყენების საშუალება გვეძლევა იქ, სადაც მოსახლეობისგან მოცილებული ტერიტორიებია,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, დღის განმავლობაში ავიაციით დაახლოებით 500-იდან 1000 ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამვლა უნდა მოხდეს და წლევანდელ სეზონზე მაქმიმუმ 20 000 ჰექტარი უნდა დამუშავდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდგომის პირას მავნებლის გადანაცვლება მოხდება ძირითადად ქარსაფარი ზოლებისკენ, ტყეებისკენ, ტყის ზოლებისკენ და ისეთ ბუფერულ ტერიტორიებში, რომელიც მოცილებულია მოსახლეობას. შესაბამისად, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ასეთი პერიმეტრები დავამუშავოთ უკვე ავიაციით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში იქნება ავიცია გამოყენებული. სპეციფიური საფრენი აპარატის ტესტები გავლილია და ვნახეთ, რომ მოქმედებს და გამზადებულია. ჩვენ ახლა ლოჯისტიკურ საკითხებს თავს ვუყრით. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოხდება ვერტმფრენის გადაყვანა, გუშინ ნატახტარის აეროპორტში ტესტები ჩავატარეთ და ყოველწუთას შეიძლება გამოვიყენოთ. შეიძლება ეს იყოს ხვალ, მაქსიმუმ ზეგ. ყოველ შემთხვევაში ამ კვირაში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მისი გავრცელების არე ისეთია, რომ ავიაციის გამოყენება არის მიზანშეწონილი.

ჩვენი შეფასებით, ვერტმფრენი დღის განმავლობაში 500 ჰექტარზე მეტს შეწამლავს, ეს დატესტილია ჩვენი მხრიდან და გააჩნია რამდენი საათის მუშაობის საშუალება მოგვეცემა. როგორც იცით, მუშაობა დღის საათებში უნდა მოხდეს და ბევრი რამე დამოკიდებულია ტემპერატურაზე და ასე შემდეგ. უხეში შეფასებით, მინიმუმ 500-იდან 1000 ჰექტრამდე უნდა იყოს და ჩვენი მიზანია, რომ წლევანდელ სეზონზე მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს 20 000 ჰექტრამდე, თუმცა 10 000 ჰექტარზე მეტს ავიაცია ალბათ მაინც დაამუშავებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წყარო: bpn

Print