ახალი ამბები
GHGA - ს ფერმერთა ჯგუფების ლიდერების შეხვედრა ®
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციის სათაო ოფისში ჩატარდა ასოციაციის ფერმერთა ჯგუფების ლიდერების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის 47 ფერმერთა ჯგუფის ლიდერები და არგენტინული AACREA ექსპერტები მარსელო ტორენტი და როდოლფო ტკაჩუკი.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, მან ისაუბრა ასოციაციის სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმართულია თხილის მწარმოებელი ფერმერების დასახმარებლად, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა განხორცილებას ასოციაცია უახლოეს მომავალში გეგმავს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო თხილის კულტურაში გავრცელებული მავნებელ-დაავადებები, რა დროსაც განიხილეს როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ასევე იმ სხვა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზიანეს მიმდინარე სეზონის თხილის მოსავალი.



ფერმერთა ჯგუფების ლიდერებს გადაეცათ USAID/Reap მხარდაჭერით შექმნილი 10000- მდე სპეციალური ბროშურა და ბუკლეტი, რომელზეც მოცემულია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და თხილის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული გეგმა, რათა მოხდეს აღნიშნული მასალის ეფექტური გავრცელება სამეგრელოს სოფლებში.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს თხილის მწარმოებელი ფერმერების მიერ, შპს. "აგრიჯორჯია"_სა და აშშ_ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ასოციაცია ჩართულია აქტიურად ყველა იმ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული თხილის სექტორის განვითარებას, პროდუქტიულობის გაზრდას და ფერმერთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

დღეისათვის საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აერთიანებს 4000-მდე ფერმერს და 47 ფერმერთა სამუშაო ჯგუფს.
Print