ახალი ამბები
სოხუმი: კატალონიელების უფლებების გათვალისწინებისას, აფხაზეთის არჩევანსაც ეცით პატივი
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. ჟან კლოდ იუნკერმა პროგრამა „ევრონიუსში“ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კატალონიის არჩევანს, თუ მისი მოსახლეობა მომავალ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცემს ხმას. ამასთან, იუნკერმა კატალონიისთვის ევროკავშირის წევრობაც არ გამორიცხა.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება „სრულად იქნება გათვალისწინებული აფხაზეთის რესპუბლიკასთან მიმართებაშიც და მსოფლიო თანამეგობრობა უარს იტყვის ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაზე.
დე ფაქტო რესპუბლიკის უწყების განცხადებით, "აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას არსებობის უფლება აქვს 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რადგან, სამოქალაქო და პოლიტკური უფლებების საერთაშორისო პაქტში ნათქვამია, რომ მკვიდრ ხალხებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ, ხოლო შემდგომში, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.“ 

ევროკომისია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს მისი პრეზიდენტი აღიარებს კატალონიის ხელისუფლების მიერ დანიშნულ რეფერენდუმს ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, წერს „ევრონიუსი“. ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ ჟან-კლოდ იუნკერი პატივს სცემს კატალონიელების ნებას, რომელიც მხოლოდ კანონიერ არჩევნებში გამოიხატება. ვიცე - პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ სეპარატისტების აღნიშნული ინიციატივა მადრიდმა მანამდე ბარსელონაში დაბლოკა.

«თუ მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოში გაჩნდება ახალი სახწლმწიფო წარმონაქმნი, ევროკომისია ამას მიიღებს, როგორც რეალობას, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ არსებული სინამდვილის შესაბამისად“, - განმარტა ტიმერმანსმა.

Print