ახალი ამბები
კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებში გამოკითხვას ჩაატარებენ. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, 27-დან 29 სექტემბერის ჩათვლით წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. მისი შედეგების პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ”, - აცხადებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

R-CSN არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით შეიქმნა და მასში 64 რეგიონული ორგანიზაცია გაერთიანებულია.

Print