ახალი ამბები
სოხუმი: რეპატრიანტები „აფხაზურ პასპორტებს“ დაჩქარებული სქემით მიიღებენ
რეპატრიანტები „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტებს“ დაჩქარებული წესით მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება, აღნიშნული კატეგორიის პირებზე პასპორტების გაცემის პროცესის მოწესრიგების მიზნით, დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ 2017 წლის 14 სექტემბერს გასცა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“. ბრძანების თანახმად, რეპატრიანტები „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტებს“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს- ს სპეციალური შემოწმების გარეშე მიიღებენ“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გალის რაიონს, ოჩამჩირის ტყვარჩელის რაიონებს, ამიტომ , დამატებით, რეპატრიანტების შემოწმება დიდ დროს წაიღებს. შესაბამისად, რეპატრიანტები პასპორტებს სპეციალური შემოწმების შედეგების მიღებამდე მიიღებენ“, - განუმარტა გამოცემას საპასპორტო სამმართველოს უფროსმა ედუარდ მანარგიამ. მისი თქმით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეპატრიანტს დოკუმენტი ჩამოერთმევა. ამავე ცნობით, პასპორტები საბუთების ჩაბარებიდან 15 დღეში გაიცემა.


Print