ახალი ამბები
აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა
აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა 73 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ერთი თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. ფრიდონ თოდუა დაიბადა 1944 წელს ქ. ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა მოსკოვის აკად. ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერ თანამშრომლიდან სსრკ-ში პირველად მის მიერ შექმნილი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელამდე.

1991 წელს დაარსა და ხელმძღვანელობდა კლინიკური მედიცინის ინსტიტუტს. იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 2004 წლიდან ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. იყო ევროპის, ამერიკისა და სხვა საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი.

ფრიდონ თოდუა დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით, მათ შორის, 2009 წელს ვახტანგ გორგასლისა და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენებით.

Print