ახალი ამბები
თემურ ნადარაია: ბინადრობის მოწმობა გალის რაიონში მუდმივად მცხოვრებ პირზე გაიცემა
გალის რაიონში ბინადრობის მოწმობების გაცემა გრძელდება. „ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ დოკუმენტის გასაფორმებლად „მოქალაქობის არმქონე“ პირებმა, უნდა წარადგინონ ცნობა, რომელიც კონკრეტულ სოფელში მათი ცხოვრების ფაქტს ადასტურებს. ნადარაიას განცხადებით, რაიონში მცხოვრები ადამიანების ზუსტი რაოდენობის დასადგენად, ბინადრობის მოწმობების გაცემამდე, მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. გარდა ამისა, უკანონო ჩაწერის თავიდან ასაცილებლად, გაუქმდა ძველი სამეურნეო ჩანაწერები გაუქმდა და გაიხსნა ახალი სააღრიცხვო წიგნი. თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში გამოვლინდა 4 ათასამდე პირი, რომელიც აღრიცხულია წიგნში, თუმცა ისინი ამჟამად არა გალის რაიონში, არამედ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

"ეს ადამიანები გალის რაიონის ყოფილი მცხოვრებლები არიან და ახლა მოსაზღვრე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თუმცა პერიოდულად კვეთენ საზღვარს, ამუშავებენ საკარმიდამო ნაკვეთებეს, იღებენ მოსავალს. ადრე მათ აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, თუმცა ეს არაკონონიერი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთმა მოქალაქეებმა ვერ მიიღონ ბინადრობის მოწმობა. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტი ქართულ - აფხაზური საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთის უფლებას იძლევა, თუმცა, არსებითად, ისინი აფხაზეთში ვიზებით უნდა შემოდიოდნენ", - განმარტა ნადარაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხი, შესაძლოა, ინდივიდუალურად განიხილონ.

"გალის ადმინისტრაციის" წარმომადგენლის თქმით, ბინადრობის უფლება, არ ართმევს ადამიანებს ქონების სამართალმემკვიდრეობის უფლებას, მათ შორის უძრავი ქონების შემთხვევაში. თუმცა, ამავე ცნობით, საკუთარი სახლის გაყიდვას ესა თუ ის პირი, მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეზე შეძლებს.

დე ფაქტო აფხაზეთის საპასპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილის ვადიმ კვაძბას ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში ბინადრობის მოწმობა გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონის 500-მა მცხოვრებმა მიიღო, კიდევ 500 - მდე დოკუმენტი მზადაა გასაცემად. 4 ათასი მოწმობა დამუშავების პროცესშია, სავარაუდოდ 22 ათასი მოწმობა გაიცემა. მათი მოქმედების ვადა - 5 წელია.

Print