ახალი ამბები
ლაშა გოგია გაუჩინარებული ანაკლიელის მშობლებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის გამგებელი გაუჩინარებული ანაკლიელის გოგიტა აბულაძის მშობლებს შეხვდა.  ლაშა გოგიას თქმით, აბულაძეებს უნდათ იმის გარკვევა, თუ რა მოუვიდა მათ შვილს და კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ბუნებრივია ის კითხვები, რაც მშობლებს აქვთ. მე დავპირდი მათ, რომ მოვიკითხავ აუცილებლად, რა ეტაპზეა გამოძიება და თუ მექნება რამე ინფორმაცია, ვეტყვი“, - აღნიშნა გოგიამ.

გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის თქმით, ისინი შეხვედრით კმაყოფილები არიან, რადგანაც მათ გოგიასგან დახმარების დაპირება მიიღეს.

„დახმარება ვთხოვეთ გოგიას და გვითხრა, რომ გაერკვევა საქმეში და დაგვეხმარება. დღესდღეობით, კმაყოფილები ვართ და მერე ვნახოთ, რა იქნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ აბულაძემ.



ხუთი წლის წინ გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის გოგიტა აბულაძის მშობლებმა აქცია რამდენჯერმე - გუბერნიის და გამგეობის შენობების წინ გამართეს. ისინი შვილის გაუჩინარების შესახებ სიმართლის გარკვევას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს სახლიდან სამასახურში - სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".

ამავე თემაზე:

გაუჩინარებული აბულაძის მშობლები გამგეობასთან აქციას მართავენ (ვიდეო)

გაუჩინარებულის მშობლები: ყველაფერს გავიღებთ, ოღონდ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ (ვიდეო)

გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები გუბერნიის წინ აქციას მართავენ
Print