ახალი ამბები
ქართული მხარე გიორგი გიუნაშვილის აფხაზ პატიმარზე გადაცვალის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი სხვა პატიმარზე გაცვალეს.  

”ეს არ იყო გაცვლა, ეს ადამიანი გათავისუფლდა პატიმრობიდან, - ასე პასუხობს ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტების კითხვას, გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, წერს "ინტერპრესნიუსი". მისი თქმით, გიუნაშვილის გათავისუფლება ოსურ და აფხაზურ მხარესთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგია.

„გაცვლაზე ახლა არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდა. თქვენ იცით იმ ადამიანების გვარები და ეს მედიაშიც გამოქვეყნდა, რომლებიც წინა წლებში გათავისუფლდნენ. წინა წლებში აფხაზური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობდა და მაშინაც აღვნიშნეთ მათი პოზიტიური როლი ამ პროცესში. ამ შემთხვევაში გაცვლა არ ყოფილა, გათავისუფლდა ეს ადამიანი პატიმრობიდან“, - აცხადებს ციხელაშვილი.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა, რომელსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გიორგი გიუნაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თხოვნით შეიწყალა.  „სპუტნიკ აბხაზიას“ ცნობით, ხაჯიმბამ ბიბილოვს გიუნაშვილის გათავისუფლება ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაცვლის მიზნით სთხოვა. 
Print