ახალი ამბები
წყალკანალმა დევნილებს წყლის ვარგისიანობის შესახებ ახალი დასკვნა გააცნო (ვიდეო)
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ექსპერტიზის ახალი დასკვნა გააცნო, რომლის თანახმადაც მიწოდებული წყალი სასმელად ვარგისია.

წყალკანალის წყლის ხარისხის მართვის უფროსის თამარ ნებიერიძის ინფორმაციით, ანალიზი წყალს 11 დეკემბერს ჩაუტარდა,  კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ აღებული ნიმუში წყლის ხარისხის ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება. რაც შეეხება შედეგს, კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა.



სეს-ის განმარტებით, წყლის ნიმუში ახალი ჭაბურღილიდან აიღეს, რაც შეეხება მათ დასკვნას წყლის სასმელად მიზანშეუწონლობის შესახებ, უწყებაში ამბობენ, რომ, შესაძლოა, აღნიშნული დასკვნის შემდეგ ჭაბურღილი გაიწმინდა და წყალი გასუფთავდა.

ადგილზე ზუგდიდის მერიის წარმომადგნლებიც იმყოფებოდნენ. მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ დევნილებთან ჭაბურღილის წყალი დალია და თქვა, რომ ის სასმელად ვარგისია, რასაც დევნილებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.



„ჩვენ არავის ვწამლავდით და არც ვწამლავთ. ამ წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. რაც შეეხება კანალიზაციას, მოსახლეობა თავად არ უფრთხილდება და გაურკვეველ ნივთებს ყრიან, რაც კანალიზაციის სისტემის მწყობიდან გამოსვლას იწვევს“, - აღნიშნა ნანავამ.

თავის მხრივ, დევნილებს აღნიშნული დასკვნის არ სჯერათ და ამბობენ, რომ წყლის ანალიზს შესაბამის ორგანოს დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ჩაატარებინებენ.


ამავე თემაზე:

სეს: დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო

Print