ახალი ამბები
სოხუმში ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემა გააპროტესტეს
სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, რომელზეც გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ლუკავას შეწყალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ასევე მკაცრად დაგმეს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაას“ წარმომდგენლებმა, „პარლამენტის“ რამდენიმე დეპუტატმა.

უფრო ადრე, აფხაზურ საზოგადოებაში გიორგი ლუკავას გათავისუფლებით გამოწვეულ პოლემიკას, მათ შორის სოციალურ ქსელში, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმურა.

“2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე აფხაზურმა მხარემ საქართველოს გადასცა გ. ლუკავა. აღნიშნული აქცია იყო პატიმართა გაცვლის პროცესის შემდგენელი ნაწილი, რომელიც დაწყებული იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით.

2008 წლის მოვლენების, ქართული ჯარის შესვლის დროს აყვანილი იყვნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა, მათ შორის სამუდამო პატიმროვა მიუსაჯეს. აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ შეთანხმებები მიღწეული იყო.

გვსურს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ გ. ლუკავა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ გაცვლას დაქვემდებარებულ პატიმართა სიაში ირიცხებოდა, თუმცა, მისი გადაცემა იმ პერიოდში შეჩერდა. საბოლოოდ, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, გაცვლილი იყო როლანდ ჟიბაზე, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბ. კვიცინიას მკვლელობისთვის იყო ეჭვმიტანილი.

საჭიროდ მივიჩნევთ, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის თავს აფარებენ აფხაზეთის მოქალაქეები. მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გადმოცემისთვის. ეს საკითხები გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული.

შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და საქართველოში აფარებენ თავს, უნდა გადაეცეს აფხაზეთს და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელი მოიხადონ.

ზემოთაღნიშნულს დავძენთ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, ისეთები როგორიცაა გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა. იმ პერიოდში ამას არ გამოუწვევია რაიმე აღშფოთება ან გაუგებრობა მათი მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პატიმართა გაცვლის მსოფლიო პრაქტიკა არსებობს და ეს არის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მივმართავთ ქვეყნის მოქალაქეებს თხოვნით, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციულ მოწოდებებს არ აჰყვნენ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებებოდა". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.
28 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლეს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.

ფოტო:"ეხო კავკაზა"


Print