ახალი ამბები
თემურ ნადარაია: გალის ბაზარზე ახლა უფრო ნაკლები ქართული საქონელი შემოდის
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაის თქმით, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვამ „კონტრაბანდის შემოდინება საგრძნობლად შეამცირა“. ამასთან, მისი განმარტებით, გალის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები არ შექმნია, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგუშაგოების მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ დახურა. ამის შესახებ, მან „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ერთი საგუშაგოს გაკონტროლება უფრო მარტივია, ვიდრე შვიდი უბნის. მე ვხედავ, რომ გალის ბაზარზე სოხუმიდან ჩამოტანილმა საქონელმა იმატა. სულ უფრო ნაკლებად შემოდის ქართული საქონელი. შესაბამისად ჩვენი მეწარმეებისთვის გასაღების დამატებითი ბაზარი გაჩნდა. ეს კი აფხაზეთის ინტერესებშია“, - აღნიშნა თემურ ნადარაიამ.

ამავე ინტერვიუში ის ენგურის ხიდზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების აქციასაც შეეხო. მისი თქმით, აფხაზურ ნომრიანი მიკროავტობუსი, რომელმაც ზუგდიდში მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია, გალის რაიონის მკვიდრს ეკუთვნის. ენგურის ხიდზე, ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით მოძრაობს და „საზღვარს“ არ კვეთს.

„მძღოლს შეთანხმება აქვს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, რომელიც მას აფინანსებს. ჩვენ არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ადამიანები ხიდზე უფასოდ გადაიყვანონ“, - თქვა ნადარაიამ.

მიტინგებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ აქციები არა გალის რაიონის ტერიტორიაზე, ენგურის საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან, არამედ, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე იმართებოდა.

„ენგურის ხიდის დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ალბათ ქართულმა მხარემ უკეთ იცის, იქ ვინ მიდის. თუ დახმარებაა საჭირო, მოგვმართონ და დავეხმარებით“,- დასძინა გალის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა.

Print