ახალი ამბები
დევნილებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ორ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საერთო ჯამში 3 500 აშშ დოლარს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print