ახალი ამბები
მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელი შსს-მ სამხედრო განყოფილებაში დაიბარა (ფოტო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა მისი შეიარაღებული ძალების თადარიგიდან დათხოვნის შესახებ წერილი მიიღო. შს სამინისტროდან გამოგზავნილი დოკუმენტი რუსიას გარდაცველებიდან ერთი თვის შემდეგ 2017 წლის 27 ნოემბრით თარიღდება.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ წარმომდგენი (ბექა რუსია) „ვალდებულია გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე აბაშის სამხედრო განყოფილებაში“. წერილს ხელს აწერს შს სამინისტროს ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ჩოხელი.



ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, რუსიებს ამ დრომდე არც დაპირებული კომპენსაცია მიუღია.  როლანდ შონია ამბობს, რომ მას წერილი, ჯერჯერობით, არ უნახავს, თუმცა ვარაუდობს, რომ უწყების მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედებაა.

„ვინმეს გაუგია, რომ გარდაცვლილი დაითხოვონ? სულ ორი მორიგეობა ჰქონდა დარჩენილი. ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომ ოჯახმა კომპენსაცია არ მიიღოს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შონიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ის შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად წვევამდელი ბექა რუსია 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებასა და საგუშაგოს უფროსის თანაშემწის ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას მოითხოვენ, ვისი იარაღიდანაც გაისროლეს.

ამავე თემაზე:

მოწმე რუსიების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: ეს იყო ხუმრობა

Print