ახალი ამბები
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნავთობპროდუქტების შემცველი წყლებით ზღვა დააბინძურა.

გემის კაპიტანის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილით, ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა -1078 ლარის ოდენობით.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

Print