ახალი ამბები
შსს-მ საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით სარგებლობს.

შს სამინისტროს ცნობით, თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება. ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

ამავე თემაზე:

„ჭკვიანი“ კამერები და შეღავათები ჯარიმაზე - ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა


Print