ახალი ამბები
დაურ კოვე თბილისის მიერ სოხუმის კინოფესტივალის ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ქართული მხარის მიერ სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ფეუსბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე, გთავაზობთ გაეცნოთ “მეგობრულად განწყობილი” ჩვენი ქართველი მეგობრების მოქმდებებს, რათა არავის შეექმნას ცრუ ილუზიები”.

კოვე წერს, რომ კინოფესტივალის მონაწილე ყველა უცხო ქვეყნის სტუმარს იმ ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი უკავშირდებოდა და არწმუნებდა, არ ჩასულიყო აფხაზეთში, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ საელჩოს თანამშრომლები უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავდნენ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

“ამგვარად, მოჩვენებითი მეგობრობის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ტიტანური ძალისხმევაა გაწეული აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას სამი სტუმარი წამოეგო, . თუმცა გვიხარია, რომ უმრავლესობა ამ დაბრკოლებამ ვერ შეაჩერა”, – წერს დაურ კოვე.

სოხუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული, საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ასეთ პირობებში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური მედიის ინფრომაციით, 2 აპრილს სოხუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხზნა, რომელზეც 16 ქვეყნიდან 32 ფილმია წარმოდგენილი. ღონისძიება დღეს დასრულდება.




Print