ახალი ამბები
მაჟორიტარის ბიუროში თოლორაიას მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას არ ადასტურებენ (ვიდეო)
„ჯერჯერობით, არაფერია, არანაირი პარტია არ დაუტოვებია, ეს არის ჭორი“, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თავმდჯომარემ ბეჟან შანავამ უთხრა. ინფორმაცია თოლორაიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ მედიაში გუშინ გავრცელდა. თავად ედიშერ თოლორაიას რადიო „ათინათი“ სატელეფონო ნომრებზე ვერ დაუკავშირდა.

„ქართული ოცნებაში“ დაპირისპირება არ ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვა თუ არა მმართველი გუნდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინფორმაციას არ ფლობს.



„პირველად მესმის თქვენგან ახლა ეს. ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ერთად მივდივართ წინ“, - აღნიშნა გოგიამ.

ამავე აზრზეა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაიაც. მან მედიას უთხრა, რომ ინფორმაციას თოლორაიას მიერ პარტიის დატოვებაზე არ ფლობს და ყოველგვარ მასშტაბურ დაპირისპირებას უარყოფს.



„მე არ მგონია, რომ მასშტაბური დაპირისპირება არსებობდეს. არ მგონია, რომ ედიშერ თოლორაიამ დატოვოს პარტია, არ გამაჩნია ინფორმაცია. ჩვენ ერთიანად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“, - თქვა ქვარაიამ.

აღნიშნული განცხადებები მათ "ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთეს.





Print