ახალი ამბები
ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის სამ უბანზე ჩატარდება
ხვალ ცაიშის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც სულ 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ზუგდიდის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი, 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი. არჩევნების დღეს გააშუქებს 15 მედიასაშუალების 255 წარმომადგენელი. ასევე 13 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 28 წარმომადგენელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 13 მაისს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, - ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

„ხმის ელექტრონული დათვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცესკომ ამ არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ პროცესის შესაფასებლად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ამომრჩეველთა მდახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა.

სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ამავე თემაზე:

ცაიშელებს არჩევნებზე ხმის ელექტრონულად მიცემის პროცედურები გააცნეს (ვიდეო)

Print