ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი", - თქვა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ის დროა, რომ პარტიის თავმჯდომარეს მიეცეს შესაძლებლობა, გუნდი იმ შეხედულებებისამებრ დააკომპლექტოს, რაც მას გააჩნია.

"გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია", - დასძინა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის გადადგომით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებული იქნება. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.
Print